თამარ გაბუნიას განცხადებით დამატებით 700-მდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია გამოვლინდა, დამატებით 700-მდე საწოლი მობილიზდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, აღინიშნა შემთხვევების გარკვეული მატება მობილობის გაზრდასთან ერთად. ჯანდაცვის სექტორის მომზადება მთავარი პრიორიტეტი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასული ზაფხულის პერიოდში. როდესაც საუბარია ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა საწოლფონდზე ვსაუბრობთ და რამდენი საწოლია მობილიზებული იმისთვის, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს. მოდელი, რომელიც ჰოსპიტალური მართვისთვის გამოვიყენეთ, პირველი დღიდან იყო კოვიდ კლინიკებისა და „ცხელების კლინიკების“ მობილიზება, სადაც ფასდებოდა ცხელების შემთხვევები, ხდებოდა დიაგნოსტირება და მათი კოვიდ კლინიკებში გადამისამართება. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავარია, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ფასდებიან, როგორც კოვიდ ან ცხელების კლინიკა. პარასკევს, მას შემდეგ, რაც გარკვეუწილად შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზდა 700-მდე საწოლი ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლ-ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა“,-განაცხადა გაბუნიამ.