თამარ ჟვანიამ 2016-19 წლებში 654 936 ლარი მიიღო, აქედან 210 776 პრემია-დანამატის სახით – ISFED

“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2016-დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით 654,936 ლარი მიიღო. აქედან 210 776 ლარი, თანამდობებრივი სარგოს თითქმის ნახევარი, ჟვანიას პრემია-დანამატების სახით აქვს მიღებული.

ანაზღაურება წლების მიხედით განსხვავებული იყო. მაგალითად, 2018 წლის 1 იანვრიდან ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დარიცხული 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე გაიზარდა (54,5%-იანი ზრდა). 2018 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 170 438 ლარი შეადგინა. ამ წელს ჟვანიას მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 21.9% შეადგინა (დანამატი – 14.6%, ჯილდო – 7.3%).

2019 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 138,015 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგოს ჯამი 119,548 ლარია. სახელფასო დანამატის სახით ცესკოს თავმჯდომარეზე ამ წელს 16,767 ლარი გაიცა, ჯილდო 1,700 ლარის ოდენობის იყო. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 15.4% შეადგინა (დანამატი – 14%, ჯილდო – 1.4%).

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცესკოს თავმდჯომარემ არაერთ თვეში მიიღო ერთდროულად დანამატიც და პრემიაც, რაც „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით არასწორი პრაქტიკაა.

„2016-2017 წლებში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როდესაც მოხდა დანამატისა და პრემიის ერთდროული გაცემა არასაარჩევნო თვეს. რაც შეეხება საარჩევნო თვეებს, თანამდებობის პირებისთვის დანამატი და პრემია ერთდროულად გაიცა 2016 წლის აგვისტოს თვეში და ცესკოს წევრებისთვის ნოემბრის თვეში, ხოლო 2017 წლის სექტემბერში ასევე მხოლოდ ცესკოს წევრებისთვის.

მსგავსი ფაქტები უარყოფით პრაქტიკას წარმოადგენს,ვინაიდან გაუგებარია რა გამორჩეულ საქმიანობას ასრულებს პირი, რომ ორივეს გაცემის მოთხოვნას აკმაყოფილებს, განსაკუთრებითარასაარჩევნო პერიოდში”, – წერია ISFED-ის ანგარიშში.

ISFED-ის რეკომენდაციით, „საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოს პარალელურად არ უნდა გაიცეს დანამატი, სასურველია განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა და უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს მატების პროცენტულობა და პერიოდულობა როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის”.