1 ივნისს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე სალომე უგულავა ჩაანაცვლა, რომელიც მთავარი რედაქტორი 4 წლის განმავლობაში იყო.
ჩერგოლეიშვილის განმარტებით, საკადრო ცვლილებები ტაბულას სამომავლო გეგმებს დასჭირდა.
“სალომე უგულავას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ტაბულას განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას მე წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი “ტაბულასთან”.
სალომე უგულავამ 1 ივნისს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ამ ეტაპზე მისი და ტაბულას გზები გაიყარა.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ტაბულას დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ასევე ლევან რამიშვილსა და ყველას, ვისაც ოდესმე უმუშავია ტაბულაში, ამ საუკეთესო გამოცდილებებისთვის. ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით მადლობა ქართულ მედიაში ისეთი სივრცის შექმნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ათობით კარგი ჟურნალისტისა თუ აქტივისტისთვის გახდა საწყისი წერტილი.
მინდა, უდიდესი წარმატება ვუსურვო ტაბულას და მის თითოეულ თანამშრომელს – წესიერ, კარგ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებს, რომლებთან მეგობრობასაც სამსახურს მიღმა გავაგრძელებ”,- თქვა უგულავამ.