თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

შემთხვევა 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა თანატოლს დანით გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დაარტყა.

”არასრულწლოვან გ.გ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.   საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთარსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.