მათი გავლენა მსოფლიოში ნულია, კომპეტენცია არ აქვთ – ჩალაძე ხელისუფლებაზე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომპეტენცია და მსოფლიოში გავლენა არ აქვს, ამიტომ ვაქცინა დროულად ვერ შემოვიდა.

“ამ ადამიანებს არ აქვთ კვალიფიკაცია, კომპეტენცია, არ შეუძლიათ მარტივი მენეჯმენტის სისტემის აწყობა. ჩვეულებრივი კითხვარების შევსებით არიან დაკავებული კოვაქსთან ურთიერთობისას. პირადი კონტაქტები მათ არ გააჩნიათ. კომპეტენცია და გავლენა მსოფლიოში მათი ნულია. ნულს ქვევით არის მათ მიმართ პატივისცემა მსოფლიოს მაღალ ოფისებში და დიდი კომპანიები მათ არც კი იცნობენ. არაფერი შეუძლიათ. ფაქტია, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ. ახლა თუ სასწაულებრივი მადლი მოევლინებათ ამ შემთხვევაში შეძლებენ რამის გაკეთებას საქართველოში. დრო დავკარგეთ”,– აცხადებს ჩალაძე ტვ პირველთან საუბრისას.

მისი თქმით, მთავრობას აქამდე 3 რამ უნდა გაეკეთებინა:

“პირველი, უნდა მოვლაპარაკებოდით მწარმოებლებს, უნდა დაგვეწყო ჩვენს ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოთხოვნები, რომ დაგვხმარებოდნენ მწარმოებლებთან ურთიერთობაში. მეორე, უნდა გვემუშავა კოვაქს პლატფორმაში არა კითხვარების შევსებით და იმეილების მიწერ–მოწერით, არამედ უშუალო კონტაქტების დამყარებით. მესამე, უნდა მოგვეგონებინა ახალი, ინოვაციური მიდგომები, რაც მათ აიძულებდათ, საქართველოს დახმარებოდნენ. ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა გამარჯვების მაგალითი საქართველოში”,– აღნიშნავს გიორგი ჩალაძე.

მისივე მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქვეყანაში ჩაკეტილია და ხალხი გაღატაკდა, არის არაკომპეტენტური მართვა.

“თბილისის გახსნა 1 კვირაში სწორი სტრატეგიით შესაძლებელი იყო, როგორც ტესტირებით, ასევე ვაქცინაციის თანხვედრით. თბილისის გახსნა 1 კვირაში შესაძლებელია”,– თქვა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.