თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

თბილისის მერია მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერს, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ პანდემიის შედეგად თბილისის ბიუჯეტმა შემოსავლების სახით 150 მილიონი ლარი დაკარგა, შექმნილი ვითარების გამო ბევრი დაანონსებული პროექტი შეჩერდა, თუმცა კალაძე ამბობს, რომ მათი შეჩერება ჩაშლას არ ნიშნავს და მათი განხორციელება უბრალოდ დროში გადავადდა. ერთ–ერთი პირველი შეჩერებული პროექტი, რომელსაც მერია დაუბრუნდა მიკროავტობუსების შეძენაა.

“ერთ–ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო უკვე ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. მე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს და ფინანსთა მინისტრს. გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები გამოყენებული იქნება მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე. 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“– განაცხადა კალაძემ.