თბილისის ქუჩაში ნაპოვნი დიპლომატების პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილების საქმის მოკვლევა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილების საჯარო სივრცეში აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. უწყებამ  დიპლომატების მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა დაიწყო

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამსახურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოუდგინა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს.

მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა. ასევე, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს საზოგადოებისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების პირადი მონაცემები, პასპორტების ასლები, ტელეფონის ნომრები  და ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის შესახებ, ქუჩაში, შემთხვევით აღმოაჩინეს.

ფურცლებზე დატანილია საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მათ შორის სამხედრო ატაშეების,  კონსულების და მათი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. მონაცემები შუა ქუჩაში, ერთი- ერთი კორპუსის შესასვლელში  ეყარა. ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელმაც საქმის მოკვლევა დაიწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია რიგითი მოქალაქეების ხელში არ უნდა მოხვედრილიყო და სუს-ს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

პოლიციამ დაკითხა იმ კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ამ დოკუმენტაციაზეა პასუხისმგებელი. ის აცხადებს, რომ ეს არის გადასაყრელად გამზადებული, ჩამოწერილი ფაილები.