თბილისში გამოქცეულ ბლოგერს აფხაზეთში „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენეს

თბილისში გამოქცეული აფხაზი, 28 წლის ტიკტოკერის, დაურ ბუავას წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ღალატის მუხლით საქმე აღძრეს.

დაურ ბუავა გასულ წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ის TikTok-ზე ავრცელებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობებზე. აღნიშნულზე დეფაქტო რეჟიმი ამტკიცებს, რომ „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

“მე მინდა, ჩვენმა ხალხმა საერთო ენა იპოვონ და ურთიერთობა განაახლონ. რატომ აღძრეს საქმე ჩემზე? გაირკვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს მთავრობა, რომელსაც არ სჭირდება ჩვენი ხალხის ურთიერთობა და ქართველებისგან მტრის ხატს ქმნის. ჩემი აქ ყოფნა და ურთიერთობა ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები ჩვენი მტრები არ არიან. ამის გამო არ ვარ მისაღები [აფხაზეთის ე.წ. მთავრობისთვის]. TikTok-ზე ვაფიქსირებდი, რომ ვხედავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი იყოს რუსეთი”, – ამბობს ბუავა ფორმულასთან.

როგორც აფხაზური მხარე იტყობინება, გამოძიების ფარგლებში უკვე გაჩხრიკეს დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლი.