თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა 2-ჯერ შემცირდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დღეს მოძრავი 3 000 ყვითელი მიკროავტობუსიდან მინიმუმ ნახევარი აღარ ივლის.

“ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში, ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1 500 – 1 200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე მიკროავტობუსი იყიდა. მათი ნაწილი – 200 მიკროავტობუსი – დედაქალაქში უკვე შემოვიდა.

ამავე პროექტის ფარგლებში, მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვასა და სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას გეგმავს.