თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფება ახალგაზრდებს სცემს და ვიდეოებს ავრცელებს

ქართველი ნეონაცისტები თბილისში მოქალაქეებზე ძალადობენ და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. Facebook-გვერდზე, რომელზეც თბილისში მომხდარი ძალადობის კადრებია ატვირთული, განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული იგივე შინაარსის ვიდეოები, ამიტომ უცნობია, ვინ მართავს გვერდს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოებზე გამოძიება დაწყებულია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მოძალადე ჯგუფების შესახებ ინფორმაცია თავადაპირველად TBILISI PRIDE-ის ერთ-ერთმა დირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ გაავრცელა. მისი განცხადებით, გამოჩნდა დაჯგუფება, რომელიც დედაენის ბაღში ატარებს “რეიდებს”.

“რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მომდის ინფორმაცია, რომ თითქმის ყოველ დღე ვიღაცას ცემენ. იბრენდებიან როგორც ნაციონალისტური ჯგუფი, აქვთ ფეისბუქ გვერდიც, სადაც იდება ამ ძალადობის ამსახველი კადრები. უშუალოდ ვიცნობთ ერთ მსხვერპლს, რომელიც ცემეს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ აღკვეთოს ეს ძალადობის ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში გპირდებით დედაენის ბაღში საპროტესტო აქციების დაწყებას!”,– დაწერა გუშინ კვარაცხელიამ.

აღნიშნული დაჯგუფების წევრები საკუთარ თავს “სკინჰედებსა” და ნაციონალ-სოციალისტებს უწოდებენ და Facebook-ზე წერენ, რომ “ანტიფაშისტებს” ებრძვიან.