თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, რომ ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან 1 COVID-19 დაუდგინდა. ის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე“, – თქვა ბეროზაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს 24 აპრილის ინფორმაციით, კორონავირუსი 18 ექიმს აქვს დადასტურებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.