თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ისაა, რომ COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„საავადმყოფოს ექთანთან დადასტურდა ინფიცირების ფაქტი. გუშინ ძალიან მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი და ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის მანძილზე არის ის ცვლილება, რომ დღეს თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი“,- თქვა შოთა რეხვიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი სამედიცინო პერსონალია.
ჩაიკეტა თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრიც.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი