რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ მათი პარლამენტში ერთჯერადად შესვლის “თემა ამოიწურა”, რადგან ქართული ოცნება კომპრომისზე არ წავიდა. ის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რესპუბლიკელების ინიციატივას “ბავშვური თამაში” უწოდა.
“ამ განცხადებამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება კვლავინდებურად კედელაღმართული დგას, არანაირ კომპრომისზე წამომსვლელი არ არის. ინიციატივის კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება.
პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ, შესაბამისად ვფიქრობ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე”, – ამბობს თამარ კორძაია.
ცნობისთვის, გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე პარლამენტში შევიდეს და მას მხარი დაუჭიროს.