თერჯოლის ცხელების ცენტრში პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

თერჯოლის ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ინფორმაცია “მთავართან” კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ დაუდასტურა.

მისი განმარტებით, ცხელების ცენტრის დატოვებისას, დაცვამ დააფიქსირა, რომ პაციენტს სუბოტექსის აბები და მარიხუანას რამდენიმე პაკეტი ჰქონდა.

,,ნამდვილად მოხდა ასეთი შემთხვევა. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, გაწერისას დაცვამ შენიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა. პირადად, მე სუბოტექსი არ დამითვლია, თუმცა, პოლიციამ განაცხადა, რომ 55 აბი არისო და ასევე ჰქონდა მარიხუანა, – თქვა კეპულაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.