თითო სკამის გამოტოვებით დასხდომა, პირბადის ტარება – რა მოთხოვნების დაცვა მოუწევთ თეატრებს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განმარტა, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ თეატრებს საქმიანობის აღდგენის შემდეგ.

მისი თქმით, სავალდებულო იქნება შენობაში პირბადის ტარება, მაყურებლები დასხდებიან თითო სკამის გამოტოვებით, ასევე განისაზღვრება სპექტაკლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი – 3 საათი.

“აქაც სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულზე იქნება 1 ადამიანის დაშვება, განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე”, – განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.