თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოჩნდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტით თურქეთიდან 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. მათი თქმით, კარტოფილს კარტოფილის კიბო აღმოჩნდა.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”,– წერს უწყება.