თურქეთი 10 დასავლური ქვეყნის ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 დასავლელი ელჩის პერსონა ნონ-გრატად, ანუ არასასურველ პირებად გამოცხადება დაავალა.

ამის მიზეზია აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ელჩების ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ერდოღანს თავის გამოსვლაში არ დაუკონკრეტებია, ელჩების ნონ-გრატად გამოცხადება ნიშნავს თუ არა, რომ მათ ქვეყნიდან აძევებენ, თუმცა დიპლომატიაში ეს გადაწყვეტილება ხშირად ელჩების გაძევებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია.

ოსმან კავალა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისა და გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს და უკვე ოთხი წელია, ციხეში ზის.

2020 წლის იგი სასამართლომ გაამართლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განარჩენი უარყო და ის საპყრობილეში დატოვა.