თურქეთში მაშველებმა ნანგრევებიდან ცნობილი ფეხბურთელის ცხედარი ამოიყვანეს

ცნობილი  ფეხბურთელი განადან, კრისტიან აცუ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.

31 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან დღეს ამოიყვანეს. ის თურქეთში  2022 წლის სექტემბრიდან თამაშობდა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საფეხბურთო აგენტმა ნანა სეჩერემ დაადასტურა.

„დამძიმებული გულით უნდა ვაცნობო ყველა კეთილისმყოფელს, რომ, სამწუხაროდ, დღეს დილით იპოვეს კრისტიან აცუს ცხედარი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას. მათი ლოცვები და თანადგომა მნიშვნელოვანია. გთხოვთ,  ყველამ პატივი სცეს ოჯახის კონფიდენციალურობას ამ ძალიან რთულ დროს“, – წერს სეჩერე სოციალურ ქსელებში.

აცუ ცნობილი  შემტევი ნახევარმცველი იყო და ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა ჩელსი, ნიუკასლი, ევერტონი, პორტო, მალაგა, ბორნმუთი, რიო ავე. ბოლო აფრიკული კლუბები იყო ალ-რაიდი საუდის არაბეთიდან და თურქული Hatayspor.

განას ნაკრებში აცუმ 65 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მან  განას  ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის ერთა თასის ფინალში 2015 წელს ითამაშა. ამავე ტურნირზე იგი კონკურსის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საკლუბო დონეზე აცუ 2012/13 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.

6 თებერვალს თურქეთში 7.4 ბალის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. შემდეგ იყო ათობით მიწისქვეშა ბიძგი. სტიქიის შედეგად 10 პროვინცია დაზარალდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.

მიწისძვრას ემსხვერპლა კიდევ ერთი ფეხბურთელი,  მალატიასპორის მეკარე აჰმედ ეიუპ თურქასლანი .