თუ არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს – ვაშაძე

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრის, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება შეთანხმების პირობებს არღვევს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია ამას გააგრძელებს, პარლამენტის შენობაში ყოფნას აზრი არ ექნება.

„ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავუჯერეთ საქართველოს მოკავშირეებს, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, შემოვედით პარლამენტში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, 99%-ს ეს სამართლიანადაც არ უნდოდა, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ დოკუმენტის დარღვევას და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სამწუხაროდ, გაგრძელდება, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ.

მე მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან არავითარი სჯა-ბაასი ამაზე არ ყოფილა. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნება არ აჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რასაც საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.