“თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ! ” – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაშია საუბარი. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომ თუ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დააძალებენ, ბრძანებას არ დაემორჩილონ და მათ ჩაბარდნენ.
“თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ პასუხს გაგცემთ. პასუხს გაგცემთ ისე მკაცრად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ოკუპანტის საპასუხოდ, არსენალში არსებული ყველა შეიარაღების საშუალებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანით. ჩვენ ეს არ გვინდა.
ბელარუსის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, არ შეასრულოთ თქვენი ხელისუფლების ბრძანებები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, რაც ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დანაშაულია. მოგიწოდებთ, არ გახდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ უკვე ჩადენილი ომის დანაშაულების პასუხისმგებლობის თანაგამზიარებლები. […] კედლები ეცემა, კრემლის კედელიც არაა სამუდამო. იმპერიები ინგრევა, რჩება ერები, უბრალო ხალხი, რომლებიც შესაძლოა მეგობრები იყვნენ, ან მტრები. როგორ იქნება, დამოკიდებულია არა ლუკაშენკოსა და პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე. თუ რაიმე სახით დაგაძალებენ ბელარუს-უკრაინის საზღვრის იარაღით გადაკვეთას. არ გამოიყენოთ იარაღი. შეჩერდით. იარაღი დაწიეთ და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში არავინ გესვრით”. – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.