თუ ბლეფი აღმოჩნდა პანდემია, სად მიდიხართ? – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია მეუფე საბას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ მოწოდებას “დარჩით სახლში” და “არ დაესწროთ აღდგომას” მხოლოდ ეშმაკი იტყვის.

,,როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?”,- მიმართავს მეუფე ტვ პირველის ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ყველა გარდაცვლილს ,,აწერენ პანდემიას”, იტალიაში კი ადრე უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

,,როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფია არის თუ.. და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი? იტალიაში ადრე მაგაზე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას. სიკვდილიანობის რიცხვით არაფრით არ ჩამოუვარდება იგი არცერთ ავადმყოფობას რაც კი დედამიწაზე არის, გრიპი იქნება თუ ხოლერა. ამიტომ ამაზე ჯერ კვლევები არ დადებულა”,- აცხადებს მეუფე ანტონი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით 253 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, 3 მლნ 669 ათასი ინფიცირებულია, ხოლო 1 მლნ 210 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.