თუ ენმ-ს სურს ისანში ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, დავამარცხებ მათ კანდიდატს – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება ენმ-ს ლიდერების განცხადებას, რომ შეიძლება ისანში მას კონკურენტი დაუყენონ. ვაშაძე ამბობს, რომ “სიტყვის კაცია” და დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ასრულებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ისანში მას “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატს დაუყენებს, ის მაინც გაიმარჯვებს და იბრძოლებს “დამსხვრეული ოცნებების პარტიის” დასამარცხებლად.

„მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც“. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის – დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების ნაცვლად, ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, გუშინ ენმ-ს წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და თინა ბოკუჩავამ განაცხადეს, რომ მათი ამომრჩევლის მოთხოვნაა, ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, ამიტომ ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.