თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს საიდან მოდის – წულუკიანი

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს 19 მარტს შალვა რამიშვილმა თავის გადაცემაში ჰკითხა, როგორი მიდგომა ექნება კულტურის სფეროში მოღვაწე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას და სიმპატიას არ მალავენ ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

საკუთარი საკადრო პოლიტიკა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს მაგალითზე განმარტა და თქვა, რომ მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდნენ კადრები, რომლებიც “იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები.

„წეღან თქვენ მკითხეთ – არის თუ არა ეს ორი სისტემა ერთი და იგივეო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და არ არის ერთი და იგივე.  თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს.

ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. თქვენ ვერ ნახავთ, რომ მე მაგალითად, ჩამოვიყვანე და დავასაქმე ზემო სვანეთის ხეობა. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი ჩემი მმართველობის პირობებში იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე“ – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროს სისტემა განსხვავებულია და იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, თეატრში მსახიობი თავის აზრს გამოთქვამს, ის შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი.

„რაც შეეხება ამ სისტემას ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის სათანადოდ ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.

„მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ მას ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს აზრი.  ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონოდათ განსხვავებული აზრი… ამიტომ ეს მე არ მეჩვენება ერთი და იმავე სისტემად“, – განაცხადა წულუკიანმა.