თუ კიდევ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ და არ მოვაწყვეთ თავყრილობა, მგონია, კოვიდინფექციის პირველი შემოტევა დავძლიეთ – ცერცვაძე

თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუკი მობილიზაციის და რეკომენდაციების დაცვის ეს ხარისხი გაგრძელდა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად აღარ მოიმატებს. ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.

„თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის სწორედ პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო. გარანტირებულად ვერ გეტყვით, რომ მატება აღარ იქნება, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაცა სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ,სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, მაშინ, სავარაუდოდ ახლა ვიმყოფებით პიკზე, რომელსაც პლატოს სახე აქვს და წესით არ უნდა იქნეს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე – ერთი ათეული, ან ორი ათეული. მე პირადად მგონია, რომ თუ რაღაც ისეთი შეცდომები არ დავუშვით, როგორიც იყო დაშვებული ბოლნისის და მარნეულის, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ანდაც ლენტეხში, სადაც 50 კაციანი სუფრა გამართეს, თუ ასეთი რამ არ იქნება, მე მგონია, რომ კოვიდინფექციის პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ. ინფიცირების 626 შემთხვევა და მხოლოდ 10 გარდაცვლილი, ეს ევროპაში ერთ- ერთი საუკეთესო ან საუკეთესო მაჩვენებელია,“ – განაცხადა ცერცვაძემ მცხეთაში, მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახელობის კლინიკაში სტუმრობის შემდეგ.