თუ მწყობრიდან გამომიყვანენ, შეიძლება მეც შევეხო ხელით: მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტზე ძალადობაზე

ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ეხმიანება მეუფე ანტონის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტზე ფიზიკურ თავდასხმას და ამბობს, რომ ის ჟურნალისტმა წყობიდან გამოიყვანა.

მისივე განცხადებით, თუ წყობიდან მასაც გამოიყვანენ, შეიძლება თვითონაც შეეხოს ხელით ვინმეს.

“დავთვალე, 11–ჯერ ზუსტად, ცდილობს, გამოიყვანოს წყობიდან. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებე თავი, არ მსიამოვნებს შენთან საუბარი. ცუდია, თქვენ გგონიათ მეუფე ანტონს მოწონს თავისი საქციელი? რა თქმა, ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე მაგალითად, ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11–ჯერ თუ შეეცდება ვიღაცა ჩემი წყობიდან გამოყვანას, მოვითმენ, მე–15 შეიძლება ვერც მე მოვითმინო. შეიძლება მეც შევეხო ვიღაცას ხელით, თუ გამომიყვანს ადამიანი წყობიდან. ადამიანი ვარ, თუმცაღა ამ საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.

ძალადობა ყოვლად გაუმართლებელია. მეუფე ანტონს თვითონაც არ მოსწონს თავისი საქციელი, მეც არ მომწონს. უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მეთერთმეტე მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან იმიტომ, რომ ადამიანი ვარ”,– თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 7 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.