თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს – ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ენმ–ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავს და ამბობს, რომ მას გირაოს გადახდა მოუწევს.

ზარქუას თქმით, საქართველოში კანონი არის უზენაესი, ადამიანების სტატუსისა და მრწამსის მიუხედავად.

ნიკა მელიას გირაოს გადახდა მოუწევს და ის ამ გირაოს გადაიხდის. მნიშვნელობა არ აქვს, პირადად ის გადაიხდის თუ მისი მეგობრები. ჩვენ ანალოგიური განცხადებები მისი პოლიტიკური თანაგუნდელებისგანაც გვახსოვს, მაგრამ გადახდა მოუწიათ – ნიკა გვარამიას შეგახსენებთ. მას ამისთვის მადლობა, რომ სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუციებს პატივი სცა.

დღეს იმის ფუფუნება არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შანტაჟის ენით ველაპარაკოთ. ნიკა მელიას ვურჩევ, რომ შანტაჟს ნუ დაექვემდებარება და პროვოკაციებს ნუ დაიწყებს. მან კანონი დაარღვია და ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა გადაიხადეს გირაო, მანაც უნდა გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, ამით განაჩენს თავის თავს გამოუტანს. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.