თუ “ოცნება” არ შეასრულებს ვალდებულებებს, ქვეყანა შევა უფრო ღრმა კრიზისში – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს ისე ასრულებენ, როგორც თავად სურთ.

ჯაფარიძის აზრით, ამაზე მკაცრი რეაქცია ექნებათ შეთანხმების მედიატორ საერთაშორისო პარტნიორებს.

მისივე თქმით, თუ ქართული ოცნება ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შევა.

“ხელმოწერამდე გასაგებად ავუხსენი, რომ მე ამაზე ხელს ვაწერ რაღაცა რიგი მიზეზების გამო, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ ოცნება ამ დოკუმენტს შეასრულებს და არც იმის, რომ რაც დოკუმენტში ჭერია, ეს პრობლემებს გადაჭრის. მათი პოზიცია დღესაც ასეთია, რომ ეს დოკუმენტი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რამაც უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

თუ ოცნება არ შეასრულებს არ დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ მოდის ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანა შევა იმაზე უფრო ღრმა კრიზისში, ვიდრე შევიდა საპარლამენტო არჩევნებზე. ეგ მოხდება გარდაუვლად”,– თქვა ჯაფარიძემ TV პირველთან საუბრისას.