თუ სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა, ეგ კადრები რატომ უნდა დადო?! – ჯაფარიძე

“თუ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა არ გინდა, სრულიად გაუგებარია, ეს კადრები რატომ უნდა დადო”,- ასე ეხმიანება გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პენიტენციურის მიერ სააკაშვილის ციხეში შეყვანის კადრების გავრცელებას.

მისივე აზრით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების “გამწარებას”.

“გამოჩნდა, რომ ტყუილია, როცა იძახდნენ, რომ საკუთარი ნებით გადავიდაო და გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს – ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრების ნახვის შემდეგ.

თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, მე არ მესმის”, – ამბობს ჯაფარიძე ფორმულასთან საუბრისას.