თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება – ევროპარლამენტარი შარლ მიშელის შეთავაზებაზე

“თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება” – ასე ეხმაურება,  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ევროპარლამენტარის, ინტერვიუს თარგმანს, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

“ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ასეთი ძლიერი მესიჯები გაგზავნა. მოლაპარაკებების დასაწყებად კი წინადადებები წამოაყენა. საუბრის დასაწყებად 6 პუნქტი დაასახელა. კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არა მხოლოდ საქართველოსთვის – არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ამ ლიდერობის გარეშე სხვა ქვეყნებისთვის გართულდება მათი მიზნების მიღწევა. ასე რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, 1 მარტს, “ქართულ ოცნების” და გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.