თუ უნდათ, ივარჯიშონ რუსთაველზე, ზოგიერთს მოუხდება – ოხანაშვილი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას საზოგადოების ნდობა არ აქვს, რაც არ უნდა “რუსთაველზე ირბინონ და ივარჯიშონ”.

“ამ გვარების მიერ დაორგანიზებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ? როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში? 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს, მას როგორ შეიძლება ვინმე გაჰყვეს? რა უნდა გააპროტესტოს ბიუჯეტის ქურდთან ერთად, რუსთაველზე რა უნდა გააპროტესტოს ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? მათი ეს სურვილი, რომ აქცია ჩაატარონ, კონსტიტუციით იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.

თუმცა, არანაირი რესურსი ამ ხალხს არ გააჩნია, რომ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმური პროტესტი და ვინმე შეუერდეს მათ. რაც არ უნდა მათ რუსთაველზე ირბინონ, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ხალხის ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი,”- განაცხადა ოხანაშვილმა.