თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეშმაკისეული მოქმედება იქნება – მეუფე ნიკოლოზი

კუმორდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ ექიმები კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს ,,დააძალებენ”, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება.

მისი თქმით, თუ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არცერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ – არა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

„ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.