თქვენ გამო დაიკეტა გელათი, მოუსვენარი ხალხი ხართ – მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი გელათის ტაძარის დაკეტვის მიზეზად ჟურნალისტებს ასახელებს.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები იუნესკოს ექსპერტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

“თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. “იუნესკოს” ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ “იუნესკოს” ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს” , – განაცხადა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, ექსპერტები იტალიიდან 23 ივნისს ჩამოვიდნენ. მათ ტაძრის გადახურვის პრობლემებზე უნდა იმუშავონ.