“იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრი გუშინ საღამოს დააკავეს. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგ მამა დავით კობაიძემ მისივე მეგობარს, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი კი უცნობია.

დაკავებული სასულიერო პირი ამ დროისათვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სასულიერო პირები კომენტარისგან თავს იკავებენ, დაკავებულის მეზობლები კი სხვა რეალობაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივის განმარტებით, თვითონ დაკავებული სასულიერო პირი იარაღით არასდროს უნახავს, თუმცა სხვა მღვდელმსახურები იარაღით ხშირად დადიან. ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ზე გავრცელდა.

“ჯიპებით მოდიოდნენ. იობიც არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი. სიმართლე რომ გითხრათ, კობა იარაღით ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ სამღვდელოებაში რომ იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს, ეგ ნამდვილად ვიცი, არ გამიკვირდება. მამაოები კომენდანტის საათებშიც დადიან და მაგათ ყველანაირი საშვი აქვთ” – აცხადებს მოქალაქე.