ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა”- აღნიშნულ ინფორმაციას, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს. ფავლენიშვილის თქმით, დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებისა და აქტივისტების დაპირისპირება. აქტივისტებს გვირაბის კედლებზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა.

“ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. ისინი დააკავეს  როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ  მოძრაობა ”მიშას თავისუფლებისთვის” ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.