ივანიშვილის შემცვლელი შესაძლოა კალაძე გახდეს – ქრონიკა+

“ქრონიკა+“–ის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარეობას არა ირაკლი კობახიძეს, არამედ კახა კალაძეს ჩააბარებს. ინფორმაცია ივანიშვილის შესაძლო წასვლის შესახებ მედიაში გუშინ გავრცელდა, მისი შემცვლელის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა. თუმცა, ქრონიკა+ წერს, რომ ივანიშვილი კალაძის კანდიდატურასაც განიხილავს. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალოს და ისეთი მემკვიდრე დატოვოს, “მთელი ერი, თავის “ქართულ ოცნებიანად“ შოკში ჩავარდეს.“

ქრონიკის წყაროს ინფორმაციით ივანიშვილი დაიღალა იმით, რომ ყველა მას ლანძღავს და საერთაშორისო თანამეგობრობაც მისგან ითხოვს პასუხს, მათ შორის შესაძლოა ფინანსური სანქციების საკითხიც დადგეს. “ივანიშვილი კი თვალის ჩინივით უფრთხილდება თავის ქონებას. მას მშვიდი ცხოვრება მოენატრა“– წერს ქრონიკა+.