“ ივანიშვილი არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი“–წულუკიანი

„ჩემთვის დასკვნა არის მარტივი – „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს, ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერი, ჩვენ ყველანი ვართ ვითომ, პუტინის აგენტები, ადრე ვარიგებდით ტელევიზორებს და მაცივრებს, რომ გაგვეუბედურებინა ქართველი ხალხი, ახლა კი, ვცდილობთ ხელისუფლებაში დარჩენას, ვითომ პუტინის დავალებით. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო და არასერიოზული“, – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა 13 ამერიკელი კონგრესმენის ანგარიშზე, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

წულუკიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს  სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტია.

„ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.