პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ რაც საქართველოში ხდება ტრაგიკომედიაა და პრობლემის მოგვარება ოპოზიციის და ხელისუფლების გაერთიანებით არის შესაძლებელი.
მისი თქმით, ივანიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის კიევში დანიშვნით დასავლეთი ებრძვის.
„დღეს ბატონი ივანიშვილი სუპერ გაღიზიანებულია. ის თვლის, რომ დასავლეთი ებრძვის მას სააკაშვილის კიევში დაწინაურებით. სამწუხაროდ, ამ დონეზე მსჯელობენ მისი მხარდამჭერები და პიარშიკები. ეს არის იმის საპირისპირო, რაც სჭირდება ქვეყანას.
„ლელო“ ვლაპარაკობთ იმას, რომ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, რომელიც ერთად უნდა შევადგინოთ ვოლსკებმა, უსუფაშვილებმა, მელიებმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც გვაქვს იმის პასუხისმგებლობა ტვირთად მოკიდებული, რომ ქვეყანას სწორი გამოსავალი მოვაძებნინოთ ხოლმე. ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ, რაც საქართველოში ხდება ეს არის ტრაგიკომედია.
საგანგებო მდგომარეობა და ეს გლობალური პრობლემა, რომელიც გრძელვადიანია, მრავალპლანიანია, პატარა ქვეყანას და პატარა ეკონომიკას განსაკუთრებით რთულ განსაცდელებს უქადის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.
ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას.