“ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც გაეგზავნა ევროკომისიის ხელმძღვანელს და მთავარი მიზანი არის რა, თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც რეზოლუცია ევროპარლამენტის, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, რომ ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, იმისათვის, რომ სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე. იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ფორ დერ ლაიენერის პასუხი.

რა თქმა უნდა, რეზოლუციას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს რეზოლუცია არის აბსოლუტურად უსამართლო. როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი, იქ რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება ამ დოკუმენტს…

…ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა”.

ასე ეხმაურება, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.