ივერი მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს – ადვოკატი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, მელაშვილი პატიმრობის ალტერნატივად გირაოს შეთავაზებაზე უარს ამბობს.

ადვოკატის თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს, მელაშვილი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

“მისი პოზიცია არის, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა, იბრძოლებს ბოლომდე და არანაირი დათმობა არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს”, – თქვა მარიკაშილმა.

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

მათ პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.