იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება მოეთხოვება.

დადგენილების მე-12 მუხლის (იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები) მე-8 პუნქტის მიხედვით, „იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება“.

წესების დარღვევის შემთხვევაში, დადგენილების თანახმად, პოლიცია საქმეს ადგილზე განიხილავს და თვითიზოლაციაში მყოფ პირს ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს.

„დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”,- წერია 23 მაისის დადგენილებაში.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდეა შესაძლებელი, შესაბამისად, მთავრობის დადგენილების ბოლო ვადაც 15 ივლისია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შეზღუდვები მანამდე ეტაპობრივად მოხსნას.