იმედგაცრუება პუტინისთვის: ევროპაში უჩვეულოდ თბილ ზამთარს პროგნოზირებენ

ევროპელებს და აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლებს წელს დიდი ალბათობით უჩვეულოდ თბილი ზამთარი ელით. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.

მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების სამსახურიდან  Copernicus Climate Change Service,  რომელმაც ხუთშაბათს სეზონური პროგნოზი განაახლა, განაცხადეს, რომ ტემპერატურა დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სავარაუდოდ ამ პერიოდის საშუალო ნორმაზე ბევრად მაღალი იქნება. ანუ, გათბობის სეზონზე ამ ტერიტორიების მოქალაქეებს ენეგიის მოხმარების ზრდა არ მოუწევთ და არც შეზღუდვები შეაწუხებთ, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოჰყვა.

ანომალურად მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, რომლის მომარაგებასაც ევროპული ქვეყნები ასე ჩქარობენ. რუსეთ–უკრაინის ომმა  ენერგომატარებლების ფასები რეკორდულად გაზარდა, რამაც ევროპაში ცხოვრების ღირებულება გააძვირა.

მეცნიერების თქმით, არსებობს 50–60%–იანი ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროს დიდ ნაწილში და ცენტრალური ევროპის ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურაზე ბევრად მაღალი იქნება. კონტინენტის დანარჩენ ნაწილს კი 40–50%–იანი შანსი აქვს ისტორიულად დაფიქსირებულ საშუალო ტემპერატურას წლევანდელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

თუმცა, თბილი ზამთრის პროგნოზი მეტეოროლოგებს შორის უნივერსალური არ არის. კომერციული ამერიკული სინოპტიკური სამსახური, Commodity Weather Group თვლის, რომ ზამთარი ევროპაში შეიძლება უფრო ცივი იყოს ვიდრე გასულ წელს, და ოდნავ უფრო ცივი, ვიდრე ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი იყო, თუ მას გათბობის გრადუს–დღეებით გავზომავთ.

ეს არის მეთოდი, რომელსაც იყენებენ ენეგიის მოხმარების ტემპერატურის გასაზომად, ამასთან უფრო მაღალი მაჩვენებელი უფრო ცივ რეჟიმს და გათბობისთვის საჭირო უფრო მეტი ენერგიის მოხმარებას ნიშნავს.

მეტეოროლოგ უილიამ ჰენებერგის თქმით, წელს ზამთარში მისი კომპანიის გათვლებით, ეს მაჩვენებელი 2,330–ს გაუტოლდება, როცა შარშან 2085 იყო, ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი კი 2,233.

ის ვარაუდობს, რომ ზამთარი ევროპაში არასტაბილური იქნება და თბილი და ცივი პერიოდები ერთმანეთს ხშირად შეცვლის.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ უცაბედად ყინვის მოძალებას ზამთრის რომელიმე პერიოდში, თუმცა ზოგად სურათს დიდი ალბათობით განაპირობებს სუსტი ცივი ფრონტების ხშირი მოძრაობა “– ამბობს ის.

სანამ ევროპის კონტინენტი შანტაჟის იარაღად ქცეული რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, რომ ზამთარი ეკონომიკისთვის დანაკარგების გარეშე გაიაროს, მეტეოროლოგები სხვადასხვა ფაქტორებს ითვლიან, რომლებიც ამ ზამთარს ტემპერატურაზე გავლენას მოახდენენ. მაგალითად, აკვირდებიან არქტიკას.თუ ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მოძრავი ქარების სარტყელი, რომელსაც პოლარულ მორევს უწოდებენ, შესუსტდება, ცივი ჰაერი შეიძლება სამხრეთით, აშშ–ში, აზიაში ან ევროპაში დაიძრას.

ძნელად პროგნოზირებადია, შესუსტდება და გაიშლება თუ არა არქტიკული ქარების სარტყელი, თუმცა ჯერჯერობით მეცნიერები ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.

კომპანია Atmospheric G2–ის მეტეოროლოგიის განყოფილების დირექტორი, ტოდ კროუფორდი, რომელიც ამინდის პროგნოზის სპეციალისტია, ჯერჯერობით ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს იმისა, რაც ზამთარში ევროპაში ან ამერიკაში ძლიერ ყინვებს გამოიწვევდა.

მეტეოროლოგები გრენლანდიის თავზე ჰაერის წნევასაც აკვირდებიან, რაც ასევე ახდენს გავლენას ევროპაში ამინდზე. აქაც ევროპაში და აშშ–ს აღმოსავლეთ ნაწილში  ცივი ამინდის არანაირი ნიშნები არ შეიმჩნევა.

Copernicus Climate Change Service–ის მეცნიერები აშშ–ს მთელი კონტინენტური ნაწილის ტერიტორიაზე საშუალოზე მაღალ ტემპერატურას ელიან. ტეხასსა და სამხრეთის სხვა ნაწილებში კი არის ალბათობა, რომ ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს 70%–ით გადააჭარბოს.