იმედია, თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები – ვოლსკი 20 ივნისის აქციაზე

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია “სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებად” აღიქმება.

მისი თქმით, შესაძლოა, რთული სიტუაცია შეიქმნას, ამიტომ იმედი აქვს, რომ სამართალდამცველები “თავის სიმაღლეზე” იქნებიან.

“თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს როგორ მოახდინეს ასეთი დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი, ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. რთული სიტუაცია შეიძლება, შეიქმნას, მაგრამ იმედია, რომ თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები”, – ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე 20 ივნისს აქცია დაგეგმა.

სამოქალაქე აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:

,,ვისაც გაწუხებთ:

  • ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
  • ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
  • სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
  • ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
  • და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა

გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე.

იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.

მათივე ინფორმაციით, აქცია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.