იმედისმომცემია სიტუაცია, რომ ვისაუბრობთ ტრანსპორტის აღდგენაზე – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არ არის ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია იმედისმომცემია და შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.

“რამდენად დაგვჭირდება ჩვენ სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური, იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ ვისაუბრობთ როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე იმ სოფლებში და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე დაბლა, მალევე აღდგეს სკოლებში სწავლება”,– ამბობს გაბუნია.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი სასიცოცხლო რისკები შემცირდება, რასაც მომდევნო დღეებში ელოდებიან, მაშინვე მოიხსნება შეზღუდვები.