“იმედმა” საარჩევნო კოდექსი დაარღვია-კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოსა და ენმ-ის საჩივრები დააკმაყოფილა

“იმედმა” საარჩევნო კოდექსი დაარღვია – კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის საჩივრები ტელეკომპანია იმედის მიმართ დააკმაყოფილა და საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება “,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.