იმნაძე: რად უნდა ტესტი აცრის წინ, ინფიცირებულიც რომ აიცრას, დაავადება უფრო მსუბუქად წავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ადამიანები აცრის წინ ტესტს, ზოგჯერ კი ანალიზებს იკეთებენ, რასაც საფუძველი არ აქვს.

“ვუყურებთ, რა ხდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, როგორ იცრებიან ადამიანები. იცრებიან ქუჩაში გაშლილ “ტენტებში”, სტადიონებზე, სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებში. რის ტესტი, რა ტესტი, სადმე თუ უნახავთ, ვინმეს თუ გაუგონია, ზოგი ანალიზებს უნიშნავს აცრის წინ, ზოგი ტესტიო, რად უნდა ტესტი, ამიხსნას ვინმემ, ხომ შეიძლება ცოტა საფუძველი ჰქონდეს ამას, ტესტი რატომ უნდა გაიკეთო აცრის წინ”,– თქვა პაატა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს პირველი აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათ მსუბუქად გადაიტანეს.

“ვიღაც, ვთქვათ ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა… სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან და საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავს საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და [დაავადება] უფრო მსუბუქად წავა”,– აღნიშნა იმნაძემ.