ინაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს “სამარცხვინო” და “პატარა ბოკერია” უწოდა (ვიდეო)

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა კურიერის ჟურნალისტს, გურამ როგავას კრიტიკული კითხვების გამო “სამარცხვინო” და “პატარა ბოკერია” უწოდა.

პირდაპირ ეთერში წამყვანმა ინაშვილს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რის გამოც ის გაღიზიანდა. წამყვანის თქმით, აფხაზეთში ამბობენ, რომ ინაშვილს მათთან დიალოგი არ დაუმყარებია და ის მხოლოდ რუსეთის დახმარებით ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ რეპლიკისა და კითხვების შემდეგ ინაშვილმა წამყვანს მიმართა:

“პირადად თქვენ ხართ სამარცხვინო ჟურნალისტი, რა. ძალიან მიკერძოებული და სამარცხვინო, პატარა ბოკერია ხართ. სამარცხვინოა თქვენ მიერ დასმული შეკითხვები, ეს არის საინფორმაციო შტურმი ჩემ წინააღმდეგ, გასაგებია ეს ჩემთვის, მე გპასუხობთ და თქვენ იმეორებთ – კრემლი, კრემლი, კრემლი… ” – თქვა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ლაშა საკანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკანიას განცხადება დაადასტურა და განაცხადა, რომ “აფხაზეთში, ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს”.

ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობენ და უკან აბრუნებენ.