ინდონეზიაში მიიღეს კანონი, რომლითაც ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით ისჯება

ინდონეზიის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც ქორწინების გარეშე  სექსის პატიმრობით დასჯას ითვალისწინებს.

ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია. ისინი ძალაში მხოლოდ სამი წლის შემდეგ შევა და მათ შორის, პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამ კვირაში მომიტინგეებმა ჯაკარტაში პარლამენტის შენობის წინ მცირე აქციები გამართეს.

„მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხალხის სამოქალაქო უფლებების, ეკონომიკისა და კულტურის რეალიზებაზე, მათ უნდა მიეღოთ ამასთან დაკავშირებული კანონები“, განუცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ Reuters-ს. „სანაცვლოდ, მათ მიიღეს კანონი, რომელიც არ არის დემოკრატიული, აკონტროლებს ჩვენს კონფიდენციალურობას და არ იცავს საჯარო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“.

კოდექსი შეიცავს რამდენიმე „ზნეობის“ კანონს, რომლებიც დაუქორწინებელი წყვილების ერთად ცხოვრებას და სექსს უკანონოდ აქცევს. მისი დებულებები გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე.

უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ახალი კანონმდებლობა არღვევს ქვეყანაში ქალების, ლგბტ და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.

ქორწინების გარეშე მეუღლის ურთიერთობაზე  კანონიერ მეუღლაცს შეუძლია განაცხადოს, რაც ცხრა თვიანი პატიმრობით დაისჯება. ერთად მცხოვრები გაუოჯახებელი ადამიანების დასმენა კი მშობლებს შეუძლიათ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ახალი კოდექსი ასევე ახშობს პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას და ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას.

ახალ ვერსიას აქვს ექვსი კანონი ღვთისგმობის შესახებ, მათ შორის განდგომის- რელიგიის უარყოფის შესახებ. დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ინდონეზია არალეგალურად აქცევს არამორწმუნეობას.

ცილისწამების ახალი პუნქტები ასევე უკანონოდ აქცევს პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის შეურაცხყოფას, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დასჯადი ხდება ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოხატვა. კოდექსის წინა ვერსიაში არ იყო ცალკე დებულება სახელმწიფოს მეთაურის შეურაცხყოფის შესახებ, ეს საქმეები ცილისწამების შესახებ კანონების ფარგლებში განიხილებოდა.

თუმცა, კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მათ დაამატეს დებულებები კოდექსში, რათა დაიცვან სიტყვის თავისუფლება და “საზოგადოებრივი ინტერესებისთვის” ჩატარებული საპროტესტო აქციები.

თუმცა, Human Rights Watch-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი კოდექსის დებულებები ადამიანის უფლებებისთვის კატასტროფაა.

HRW აზიის დირექტორმა ელეინ პირსონმა BBC-სთან ინტერვიუში  ახალ კანონმდებლობას დიდი წარუმატებლობა უწოდა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს თავი თანამედროვე მუსლიმურ დემოკრატიად.

Human Rights Watch-ის აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა,  ფილ რობერტსონმა თქვა, რომ ახალი კანონები დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე და განსაკუთრებით ქალებზე: „ვფიქრობ, ეს დიდი დარტყმა იქნება ინდონეზიის ტურიზმისთვის. მე ბალიში ვარ კონფერენციაზე და ხალხი სასტუმროში, სადაც ვცხოვრობ,  უკვე გამოხატავს შეშფოთებას ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ დიდი შეშფოთებაა საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში და ამან შესაძლოა იმოქმედოს ინდონეზიაში შემოსულ საერთაშორისო ინვესტიციებზე. გავლენას მოახდენს ქალებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ნებისმიერი ქორწინების გარეშე ორსულობა ავტომატურად ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ პოლიციას ეცნობება“.

ჯაკარტაში მცხოვრებმა მკვლევარმა ანდრეას ჰარსანომ აღნიშნა, რომ მილიონობით წყვილს ინდონეზიაში არ აქვს ქორწინების მოწმობა, განსაკუთრებით ძირძველ მოსახლეობაში ან სოფლად მცხოვრებ მუსლიმებში, რომლებმაც ქორწინება რელიგიური წესით გააფორმეს.

„თეორიულად, ეს ადამიანები კანონს დაარღვევენ, რადგან თანაცხოვრება შეიძლება ექვს თვემდე პატიმრობით ისჯებოდეს“, – ამბობს ის და დასძენს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებსაც აქვთ მსგავსი კანონები სექსსა და ურთიერთობებზე, აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად არიან ბრალდებულები და გასამართლებული ზნეობრივი კანონების შესაბამისად.