ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ვიზალიბერალიზაციის წინაპირობა იყო – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება და განვითარება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო.

მისივე თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, რადგან ინსტიტუციამ მასში ბევრი რესურსი ჩადო.

“სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ახალ წლამდე ძალიან ნაჩქარევად მოხდა ამ კანონის მიღება. ამ პროცესში მონაწილე მხარეების ინკლუზიური ჩართულობა არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ევროკავშირი ვართ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომელმაც ბევრი რესურსი ჩადო როგორც ექსპერტიზის, ასევე ამ სამსახურის შესაძლებლობათა გაძლიერებაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, რომ მიგვეღო მონაწილეობა დისკუსიებში და ასევე მიღებული გაკვეთილები განგვეხილა, რაც მიმართული იქნებოდა სწორი გზის გამომუშავებისკენ. გარდა იმისა, რომ კითხვები ისმევა ამ პროცესის შინაარსთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო”, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი დაჩქარებულად მიიღო. ოცნების ინიცირებული პროექტის მიხედვით, ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი ორგანო – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას აზრით, ცვლილებების მიზანი ინსპექტორის სამსახურიდან მისი ჩამოშორება იყო, რასაც მმართველმა გუნდმა მიაღწია.