“ჩვენ ვხედავთ, რა არის ნომერ პირველი მიმდინარე პერიოდის გამოწვევა, ეს არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია. ამაზე ადრეც გვისაუბრია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული – ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან წინა პერიოდში ჩვენ არასდროს გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან ის 3-4% გვქონდა წლიური ინფლაცია. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ COVID-19-ის გამო და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. მაგალითად, წინასწარი შედეგები რომ ვნახოთ, იგივე აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა ასული, მაღალგანვიათარებულ ევროპულ სახელმწიფოებშიც, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა, თურქეთში – ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა და 36%-ს აღწევს წლიური, თან მიმდინარეობს ლირის დევალვაციის ფონზე, როდესაც ჩვენი ეროვნულ ვალუტა, ლარი არის საკმაოდ მყარი და სტაბილური.

განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, FAO-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს [ფასების ზრდა] არის პანდემიის მომყოლი ეფექტი და ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს”

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.