ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომლების პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში ყოფნის შესახებ “ფეიკ ნიუსია”–შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ არხზე  გასულ სიუჟეტს პასუხობს და აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მთავარი არხის” ინფორმაციით, ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ “ოცნებისთვის” უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით.

“მთავარი არხი” დაუკავშირდა რამდენიმე პოლიციის თანამშრომელს, მათ შორის იყო გიორგი ლილუაშივლი, რომელიც კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელია და არხის მიერ მოპოვებული სიის მიხედვით თელავის რაიონის სოფელ ბუშეთშია მივლენილი. ლილუაშვილი “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ უკვე ერთი კვირაა რაც სოფელ ბუშეტში იმყოფება და ასრულებს “ოცნების” დავალებას.